სოფო ნიჟარაძე ბათუმში კონცერტისთვის ემზადება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა განუცხადა, მომღერალი უკვე ბათუმში იმყოფება და ხულიო იგლესიასთან დუეტისთვის ემზადება.
"სოფო უკვე აქ არის, ბათუმში. მას უკვე გამზადებული აქვს ტექსტი და სიმღერა, რომელსაც ხულიო იგლესიასთან ერთად შეასრულებს", - აღნიშნა კანდელაკმა.
31 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო კონცერტი, რომელშიც ხულიო იგლესიასიდა სოფო ნიჟარაძე მიიღებს მონაწილეობას, "ისტერ პრომოუშენის" ორგანიზებით ტარდება.
ხულიო იგლესიასი სოფო ნიჟარაძესთან ერთად ახალი წლის ღამეს ორ სიმღერას შეასრულებს.
"ხულიო იგლესიას რამდენიმე ქართველი მომღერლის სია გავუგზავნეთ და მან მარტო სოფო ნიჟარაძე აარჩია, რომელთანაც ორ სიმღერას შეასრულებს. როგორც მან აღნიშნა, სოფო მის სტილში ჩაჯდა და მეორე მომღერლის დამატება აღარ ისურვა. კონცერტზე ხულიო 2-საათიან პროგრამას წარადგენს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს ხულიო იგლესიასი ბათუმში Miracle Park Square-ზე იმღერებს. კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისათვის უფასო იქნება. ხულიო იგლესიასის საკონცერტო კალენდარის მიხედვით, ბათუმის კონცერტამდე იგლესიასმა დეკემბერში კონცერტები მალაიზიაში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ისრაელში გამართა.
როგორც ცნობილია 2011 წლის დადგომა საქართველოს ბათუმიდან ანდრია ბოჩელიმ მიულოცა, 2012 წელს კი საქართველო მოლოცვას ხულიო იგლესიასისგან ელოდება. 68 წლის მომღერლის კარიერაში, რომელმაც ლათინური-ამერიკული მელოდიები მსოფლიოს პირველმა გააცნო, 500-მდე კონცერტი, 300 მილიონი გაყიდული დისკი და 77 ალბომია.
ცნობისთვის, 2 აგვისტოს, MTV Live-ის ფარგლებში, საქართველოს ხულიო იგლესიასის შვილი, ენრიკე იგლესიასი უკვე სტუმრობდა.