სეპარატისტული აფხაზეთის შს სამინისტროს სამმართველო ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ხრიპს ჯოპუას საცხოვრებელი სახლის დაცხრილვის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.
სეპარატისტული აფხაზეთის შს სამინისტროს სამმართველოს უფროსის რაულ ბარციცის ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "სხვისი ქონების გამიზნულად განადგურების მუხლით".
მისივე ინფორმაციით, ხრიპს ჯოპუას საცხოვრებელი სახლის დამცხრილავი თავად ჩაბარდა სამართალდამცავებს და განაცხადა, რომ მან ხრიპს ჯოპუას საცხოვრებელი სახლი არაფხიზელ მდგომარეობაში დაცხრილა და მას არავითარი ბოროტი განზრახვა არ ჰქონია. როგორც აღმოჩნდა ჯოპუას სახლი ბესლან ნაზიმის ძე ბაღაფშმა დაცხრილა. "ამოღებულია იარაღი, თუმცა აქვე დავსძენ, რომ არავითარი პოლიტიკური სარჩული ამ ინციდენტს არ ჰქონია",_ აცხადებს ბარციცი.
აღსანიშნავია რომ ხრიპს ჯოპუა სეპარატისტულ აფხაზეთში ამჟამად ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ზაურ არძინბას გამარჯვების შემთხვევაში აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას აპირებდა.