"საქართველოში შოუ არის, მაგრამ ბიზნესი არა" - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნუგზარ კვაშალმა "იუმორინას" დასრულების შემდეგ.
როგორც მომღერალმა აღნიშნა კონცერტი ერთი დღე მხოლოდ მატერიალური კრიზისიდან გამომდინარეობდა.
"თავიდან იყო 150, მერე 40 და დღეს ერთია. საქართველოში შოუბიზნესს ბიზნესს ვერ დაარქმევ. ძალიან უნიჭიერესი მუსიკოსები, მოცეკვავეები გვყავს, მაგრამ ბიზნესი არაა. იმიტომ რომ შოუბიზნესმა ორი კაპიკი უნდა შემოგიტანოს. ვუსურვებ ხალხს ჰქონოდეს ფული და შემდეგ წელს ყოფილიყოს არა ერთი "იუმორინა" არამედ ბევრი. ეს ევროპაშიც ვთქვი და დამეთანხმნენ. არ აქვს ხალხს 25 ლარი და ორ ბილეთში 50, ამიტომ ვერ მიდის იქ, სადას შეიძლება გამხიარულდეს და პრობლემები ცოტახნით მაინც დაივიწყოს. "იუმორინა" ხომ ყოველთვის წამალია ადამიანებისთვის და ენერგიის მიმცემი", - აღნიშნა კვაშალმა.
"იუმორინელებმა" საახალწლო პროგრამა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართეს.
"იუმორინა", ტრადიციულად, მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა წაიყვანა. კონცერტში მონაწილეობდნენ პაროდიის თეატრი და ქუჩის მუსიკოსებიც.
"არ შეგვეძლო ჩვენი ხალხისთვის არ მიგველოცა დამდეგი შობა-ახალიწელი, ამიტომ გავმართეთ "იუმორინა", სამწუხაროდ, ერთი დღით, თუმცა მოცემულ დროში შევძელით ხალხის გამხიარულება და ბედნიერების მინიჭება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბერიკაშვილმა.
ბაღაშვილის თქმით, წელს "იუმორინა" მხოლოდ ერთ დღეს ჩატარდება.
"მკვეთრად გაიზარდა ღირებულება კონცერტის ჩატარების. ჩვენ არავინ გვაფინანსებს. საკონცერტო დარბაზებში თავისუფალი კონკურენცია აღარ არის. ან უნდა გყავდეს სპონსორი, ან მერიამ უნდა ჩაგირიცხოს თანხა. თუ შერჩევითობის პრინციპი წავიდა, ეს მიუღებელია. მერიასთან იყო მოლაპარაკების მცდელობა, მაგრამ ისინი უკვე სხვა კონცერტებზე არიან გადართული და ჩვენ ვერ მოვთხოვთ დახმარებას, მით უმეტეს, ეს ნებაყოფლობითია", - აღნიშნა "იუმორინას" დამფუძნებელმა ჯემალ ბაღაშვილმა.
"იუმორინაზე" 7 წლის შემდეგ მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილიც წარსდგა. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა ის ადრე "იუმორინელი" იყო და ამდენი წლის შემდეგ ერთი დღით ისევ დაუბრუნდა გუნდს.
"ძალიან გამიხარდა ამდენი წლის მერე ისევ რომ დამიძახეს. უკვე 7 წელია "იუმორინაში" არ მიმიღია მონაწილეობა და ამჯერად, დავბრუნდი ისევ ჩემი უკვდავი სიმღერით "მარტი". რომელიც ხალხს ძალიან უყვარს. მიხარია და წარმატებას ვუსურვებ "იუმორინას", - აღნიშნა დოიჯაშვილმა.