დღეს, 23 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს სურათების ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ნიკო ფიროსმანაშვილზე ახალი წიგნი "ფიროსმანაშვილი 100 კვადრატი" გამოსცა. წიგნის ავტორი მხატვარი ვახტანგ რურუაა. წიგნში ფიროსმანის შემოქმედება განსხვავებული კუთხითაა წარმოდგენილი. წიგნის ავტორს კვადრატი ინსტრუმენტად აქვს გამოყენებული. სწორედ ამ კვადრატის საშუალებით ხელოვნების მოყვარულები ნიკო ფიროსმანაშვილის 25 ტილოდან ისეთ დეტალებს განიხილავენ, რომლებიც დამთვალიერებლისთვის ხშირად შეუმჩნეველია.
"ფიროსმანის ნამუშევრების რეპროდუქციები და თვითონ ალბომები არაერთხელ გამოუციათ, მაგრამ ეს წიგნი თავისი კონცეფციითაა საინტერესო, რადგან მასში წარმოდგენილია 100 კვადრატი, ანუ 100 სხვადასხვა დეტალი მისი 25 ნამუშევრიდან", - განაცხადა გამომცემლობის დირექტორმა თინათინ მამულაშვილმა.