ხვალ, 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ბესიკ ჭითანავასა და მიხეილ მჭედლიშვილის პერსონალური საშობაო გამოფენა გაიხსნება, სადაც მათ მიერ რელიგიურ თემებზე შესრულებული ნაქარგობა გამოიფინება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთხმოცამდე ექსპონატი.
ბესიკ ჭითანავა წლებია გამოყენებითი ხელოვნების ამ ჟანრში მუშაობს. მოქარგული აქვს გარდამოხსნები, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, შობის კომპოზიცია, წმიდა გიორგი, წმიდა დავით აღმაშენებელი, წმიდა ნიკოლოზი, წმიდა ნინო, იოანე ნათლისმცემელი და სხვა. მისი ნამუშევრები რამდენიმეჯერ ექსპონირებული იყო საფრანგეთში, ინგლისსა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში.
მიხეილ მჭედლიშვილი დიდი ხანია მუშაობს რელიგიურ თემაზე. დაწერილი (მოქარგული) აქვს მრავალი ხატი, მათ შორის, ივერიის ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის, ნეტარი ქსენია პეტერბურგელის, ასევე XX საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეების: ბეთანიელი მამების - არქიმანდრიტების იოანესა და გიორგის, გაბრიელ ბულესკირიას (მოღვაწეობდა ილორის ტაძარში წმიდა ალექსი შუშანიასთან ერთად), მამა პარფენი აფციაურის და სხვა. მიხეილ მჭედლიშვილს პერსონალური გამოფენები ჰქონდა თბილისსა და მოსკოვში. ორივე ხალხური ოსტატი მასალად იყენებს ტილოს, აბრეშუმს, მულინის და აბრეშუმის ძაფებს.
გამოფენა გაგრძელდება 20 იანვრამდე.