ტარიელ ჭანტურია სხვადასხვა პოეტის მიერ სიყვარულზე დაწერილი ლექსების გაერთიანებას და ახალი კრებულის გამოცემას გეგმავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა, კრებულს "ვით მარგალიტი ობოლი" ერქმევა.
"მსგავსი კრებული წლების წინ გამოვეცი, სადაც სხვადასხვა პოეტის ლექსები შევიტანე, რომლებიც მარტო სიყვარულზე იყო დაწერილი. ამჯერად კიდევ მინდა პოეტების მიერ გადმოცემული სიყვარულის ახალი სიტყვა შევკრა და გამოვცე", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ჭანტურიამ.
ტარიელ ჭანტურიას პირველი ლექსი, "ნადირობა", 1951 წელს გამოქვეყნდა, პირველი პოეტური კრებული "ლტოლვა" - 1964 წელს. ძირითადი კრებულებია: "საქანელა" (1965), "ქვა და ომი" (1967), "ახალი მთვარე" (1970), "ორნი" (1972), "დაწყვეტილი სერპანტინი" (1973), "წყნარი მზის წელიწადი" (1975), "თაფლობის საუკუნე" (1978), "პოემები" (1979), "სტრესები და სიტყვები" (1980), "რჩეული" (1982), "ბოლთა" (1893), "მწერლის წითელი წიგნი" (1985) და სხვ..
ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.