ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ნიკო ფიროსმანაშვილზე ახალი წიგნი „ფიროსმანაშვილი 100 კვადრატი" გამოსცა. წიგნის ავტორი მხატვარი ვახტანგ რურუაა. წიგნში ფიროსმანის შემოქმედება განსხვავებული კუთხით არის წარმოდგენილი.
წიგნის ავტორს კვადრატი ინსტრუმენტად აქვს გამოყენებული. სწორედ ამ კვადრატის საშუალებით ხელოვნების მოყვარულები ნიკო ფიროსმანაშვილის 25 ტილოდან ისეთ დეტალებს განიხილავენ, რომლებიც დამთვალიერებლისთვის ხშირად შეუმჩნეველია.
„ფიროსმანის ნამუშევრების რეპროდუქციები და თვითონ ალბომები არაერთხელ გამოუციათ, მაგრამ ეს წიგნი თავისი კონცეფციით არის საინტერესო, რადგან მასში წარმოდგენილია 100 კვადრატი, ანუ 100 სხვადასხვა დეტალი მისი 25 ნამუშევრიდან", - განაცხადა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორმა თინათინ მამულაშვილმა.
წიგნის პრეზენტაცია 23 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს სურათების ეროვნულ გალერეაში გაიმართება.