კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2011 წლის ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტად გრემის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დასახელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, 21 დეკემბერს ყვარელში, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წლის პროექტის - გრემის განახლებული არქიტექტურული კომპლექსის პრეზენტაცია და თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის - "გრემის ისტორია" - პრემიერა გაიმართება.
30-წუთინ ფილმში ზუსტად და დეტალურად არის გადმოცებული ქალაქ გრემის 150-წლიანი განვითარება - უძველესი ქალაქის დიდებისა და დაცემის ისტორია.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს გრემში განხორციელებულ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი თავად გააცნობს.
გრემის სრული განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა და აღდგა: 1.მთავარანგელოზის კომპლექსში შემავალი ყველა არქიტექტურული ძეგლი: მთავარანგელოზის ეკლესია, სამეფო რეზიდენცია, სამრეკლო, გალავანი და უძველესი მარანი; 2. განახლდა გრემის ნაქალაქარის ისტორიული სავაჭრო უბანი - ქულბაქები, თარსა გალავანი, აღდგა ნაქალქარის გუმბათჩამოშლილი ეკლესია, გაითხარა და კონსერვაცია ჩაუტარდა სავაჭრო უბნის აბანოსა და ქარვასლას; 3. პირვანდელი სახე დაუბრუნდა გრემის ტეარიტორიაზე შემავალ - ივერის ღვთისმშობლის ეკლესიას, სამრეკლოიან სამ ეკლესიას და კოშკ-ეკლესიას (XV-XVI სს.); 4. რესტავრირებულია მთავარანგელოზის ანსამბლში შემავალი სასახლე-კოშკი, მეფეთა დარბაზი, რომლის რეექსპოზიციისთვის საგანგებოდ ახალი ექსპონატები შეიქმნა; 5. პროექტის ფარგლებში გრემის ნაქალაქარსა და მთავარანგელოზის კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი მუზეუმი აშენდა, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა ქალაქ გრემის 150 წლიან ისტორიას, მის მნიშვნელობასა და როლს ზოგადად ქვეყნის განვითარებაში. ახალი მუზეუმის ექსპოზიციისთვის საგანგებოდ მომზადდა დოკუმენტური ფილმი ქალაქ გრემის შესახებ. 6. გრემში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, აღდგენილია ძეგლთა მისასვლელი გზები, გვირაბი და დამონტაჟებულია საინფორმაციო ბანერები.