"ქრისტიან-დემოკრატების" წევრის ლევან ვეფხვაძის თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" "რვიანის" ფორმატში საარჩევნო კოდექსის გერმანულ მოდელს უჭერდა მხარს, რაც რეფერენდუმის შედეგების გადახედვას ნიშნავდა. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ლევან ვეფხვაძემ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა მანდატების თანაბრად და სამართლიანად გადანაწილებაზე შეთანხმება და დარჩენილი მანდატების 5-10% უკვე რიგითობის მიხედვით გადანაწილდება და აღარ წავა მმართველი პარტიის ყულაბაში.
"რაც შეეხება დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა, მინდა ჯონდი ბაღათურიას და მის თანაფრაქციელ გიორგი ცაგარეშვილს შევახსენო, რომ "თავისუფალი დემოკრატები" მხარს გერმანულ მოდელს უჭერდნენ, რაც თავისთავად დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებდა", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.