ფუძნარის ღვთისმშობლის გუმბათოვან ტაძარს განადგურება აღარ ემუქრება. ძეგლის ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების მიზნით, სპეციალისტებმა, ახლად შექმნილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, 2012 წელს განსახორციელებელი ფიზიური სამუშაობის მეთოდოლოგია უკვე განსაზღვრეს.
დღეს, 19 დეკემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე პროექტების სამსახურის უფროსი პაატა გაფრინდაშვილი ფუძნარის ტაძარის დროებითი გამაგების მიმდინარე სამუშაოებს მოინახულებენ.
ტაძრის დღევანდელი მდგომარეობით, ჩამოშლილია გუმბათის ყელი, თითქმის განადგურებულია კამარები, ჩამონგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები და ლავგარდანი. სამ განზომილებიანი კვლევის შედეგად, ფუძნარის ტაძარი იმაზე რთულ მგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ის შეუიარაღებელი თვალით ჩანს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2011 წელს მომზადდა ფუძნარის გადარჩენის საპროექტო დოკუმენტაცია.
ძეგლის ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის გადაწყვეტილებით, ფუძნარის დროებითი გამაგრების გარდაუვალი სამუშაოები დაწყებულია. რესტავრატორები სპეცილურ ხარაჩოსა და ხის საყრდენ კონსტრუქციებს ამონტაჟებენ, რომელიც ძეგლს ზამთრის ნალექებისგან მოსალოდნელი ახალი დაზიანებებისგან საგანგებოდ დაიცავს.
ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია XIII საუკუნის პირველ ნახევარში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია დადუშეთის რეგიონში ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ გუმბათიან ტაძარს წარმოადგენს.