ხულიო იგლესიასი სოფო ნიჟარაძესთან ერთად ახალი წლის ღამეს ორ სიმღერას შეასრულებს. ამის სესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კონცერტის ორგანიზატორმა და "ისთერნ ფრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა განუცხადა.
"ხულიო იგლესიას რამდენიმე ქართველი მომღერლის სია გავუგზავნეთ და მან მარტო სოფო ნიჟარაძე აარჩია, რომელთანაც ორ სიმღერას შეასრულებს. როგორც მან აღნიშნა, სოფო მის სტილში ჩაჯდა და მეორე მომღერლის დამატება აღარ ისურვა. კონცერტზე ხულიო 2-საათიან პროგრამას წარადგენს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კანდელაკმა.
31 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო კონცერტი, რომელშიც ხულიო იგლესიასიდა სოფო ნიჟარაძე მიიღებს მონაწილეობას, "ისტერ პრომოუშენის" ორგანიზებით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს ხულიო იგლესიასი ბათუმში Miracle Park Square-ზე იმღერებს. კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისათვის უფასო იქნება. ხულიო იგლესიასის საკონცერტო კალენდარის მიხედვით, ბათუმის კონცერტამდე ხულიო იგლესიასი დეკემბერში კონცერტებს გამართავს, მალაიზიაში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ისრაელში.
როგორც ცნობილია 2011 წლის დადგომა საქართველოს ბათუმიდან ანდრია ბოჩელიმ მიულოცა, 2012 წელს კი საქართველო მოლოცვას ხულიო იგლესიასისგან ელოდება. 68 წლის მომღერლის კარიერაში, რომელმაც ლათინური-ამერიკული მელოდიები მსოფლიოს პირველმა გააცნო, 500-მდე კონცერტი, 300 მილიონი გაყიდული დისკი და 77 ალბომია.
ცნობისთვის, 2 აგვისტოს, MTV Live-ის ფარგლებში, საქართველოს ხულიო იგლესიასის შვილი, ენრიკე იგლესიასი უკვე სტუმრობდა.