"ხულიო იგლესიასს, შესაძლოა, ბათუმში VIP-სახლი ვუქირაოთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა.
"იქიდან გამომდინარე, რომ ხულიო იგლესიასი ახალ წელს საქართველოში უნდა შეხვდეს, ის ოჯახთან ერთად მოდის. ამიტომ საცხოვრებელი სახლის შესახებ მოთხოვნა განსხვავებულია. გადაგზავნილი გვაქვს სასტუმროების შესახებ ინფორმაციაც, თუმცა შესაძლოა ბათუმში ხულიო იგლესიასს VIP-სახლი ვუქირაოთ, რომელსაც ჟურნალისტები და "ფანები" ვერ გაიგებენ. ის, როგორც სხვა ვარსკვლავი, ფსევდონიმით დარეგისტრირდება სასტუმროში", - განუცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს ხულიო იგლესიასი ბათუმში Miracle Park Square-ზე იმღერებს. კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. ბათუმის კონცერტამდე იგლესიასი დეკემბერში კონცერტებს გამართავს მალაიზიაში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ისრაელში.
2011 წლის დადგომა საქართველოს ბათუმიდან ანდრია ბოჩელიმ მიულოცა, 2012 წელს კი საქართველო მოლოცვას ხულიო იგლესიასისგან ელოდება. 68 წლის მომღერლის კარიერაში, რომელმაც ლათინური-ამერიკული მელოდიები მსოფლიოს პირველმა გააცნო, 500-მდე კონცერტი, 300 მილიონი გაყიდული დისკი და 77 ალბომია.
2 აგვისტოს, MTV Live-ის ფარგლებში, საქართველოს ხულიო იგლესიასის შვილი, ენრიკე იგლესიასი უკვე სტუმრობდა.