სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ჩაერთონ ქართველი სამართალდამცავების მიერ "გატაცებული და დაკავებული" გენადი ფლიევის გათავისუფლების საკითხში. სეპარატისტთა ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ "საქართველოს სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ქმედებები ძაბავს არსებულ ვითარებას და ეს არის პასუხი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მცხოვრებლების მიმართ გადადგმულ მშვიდობისმოყვარე და ადამიანურ ნაბიჯებზე".
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ რეგიონში სტაბილურობაზე არის პასუხისმგებელი და მოუწოდებს, ჩაერთონ ფლიევის გათავისუფლების საკითხში.
შეგახსნებთ, რომ გენადი ფლიევი ქართველმა სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფელ ნიქოზში შეიარაღებული იყო გადმოსული. აღსანიშნავია, რომ ფლიევი ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრია. მის მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობაც აქვს მისჯილი.