ვახტანგ მაჭავარიანი წიგნს წერს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დირიჟორმა განუცხადა, წიგნს სახელწოდება უკვე შეურჩია და მას "ადამიანი დაკლაკნილი გზით შავი ხვრელისკენ" ეწოდება.
"ეს შავი ხვრელი ის კოსმიური ხვრელი კი არაა, რომელიც ზემოთ არის, არამედ ის, რომელიც ჩვენშია. აქ არის საუბარი დიდ დევალვაციაზე, ადამიანის ღირებულებების შესახებ. 21-ე საუკუნეში უცებ შეაჩერა კაცობრიობამ და არ ბადებს დიდ მწერალს, დიდ პოეტს, კომპოზიტორს, მხატვარს... ლიტერატურაში არ იქმნება შედევრები. ამას გარკვეული მიზეზები აქვს, რომლის ახსნასაც ვცდილობ, თუმცა შეიძლება, ვცდებოდე. ეს "შობადობა", გარკვეულწილად, ტექნოლოგიასთან და ფინანსურ ისტერიასთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ყველაფრის კომერციალიზაცია რომ ხდება, აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ამის გამოა, რომ ვერ ვშობთ უზარმაზარ სულებს. აქ საოცარი ბობოქარი არაპროფესიონალიზმია. არ მინდა ვთქვა, რომ ეს მოთხოვნილებამ გამოიწვია. მიმაჩნია, რომ ეს დროებითი მოვლენაა. ჰარმონიული განვითარება ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ მაჭავარიანი 60 წლის იუბილეზე კომპოზიტორის სტატუსით წარდგა. ის ლექსებსაც წერს და ხატავს კიდეც, თუმცა ამბობს: "მე ვარ უკეთესი პოეტი, ვიდრე მხატვარი".