რუსეთსა და პოლონეთს შორის ახალი სკანდალი მწიფდება, რომელმაც შესაძლოა ორი ქვეყნის ურთიერთობები დაძაბოს. ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში პოლონეთში რუსეთის ჯაშუში დააკავეს. ინფორმაციას რუსეთის ჯაშუშის დაკავების შესახებ, ოფიციალური ვარშავა დიდხანს ასაიდუმლოებდა. "ადამიანი რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ბრალდება, უკვე ერთი წელია დაპატიმრებულია" _ წერს გამოცემა "Dziennik Gazeta Prawna" და დასძენს, რომ ამ ადამიანზე ბევრი რამ ცნობილი არ არის. აღნიშნული ადამიანის ვინაობას გაზეთი არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ადამიანი პოლონეთში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და იგი პოლონურ ენას სრულყოფილად ფლობს.
სავარაუდო ჯაშუში იმ ფირმაში მუშობდა, რომელიც სანადირო თოფებისათვის ოპტიკური სამიზნეების გაყიდვით იყო დაკავებული. პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოები ეჭვობენ, რომ ეს დაწესებულება მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანის დასაფარად შეიქმნა.
პოლონური გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ დაკავებულის ბრალეულობის დადასტურება ძნელი იქნება. რადგანაც დაკავებულს რუსეთის საელჩოსთან კავშირი არ ჰქონია. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ იგი ინფორმაციას სხვა არხებდან გადასცემდა.
პოლონური გაზეთი ასევე არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამ ჯაშუშის დაკავება გახდა რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს უფროსის გენერალ ვალენტინ კორაბელნიკოვის გადაყენების მიზეზი. მან თავისი პოსტი გასული წლის აპრილში დატოვა. 63 წლის გენერლის გადაყენების ოფიციალური მიზეზი სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს რეფორმირება იყო.