"საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებიდან კახი კალაძესთან ერთად ბევრი ფეხბურთელი უნდა წავიდეს", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ასანიძემ განუცხადა.
მისი შეფასებით, ბოლო წელების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ძნელია რაიმე შედეგზე საუბარი.
"ზოგს ჰგონია, რომ რაღაც წარმატებები არსებობდა, ეს ფარსია. წარმატება იმას არ ნიშნავს, რომ გუნდი რამდენიმე თამაშს არ წააგებს. სპორტში პირველად ანგარიში, შედეგი და გადალახული ეტაპი ფასდება და ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ნაკრები წარმატებული იყო. ვფიქრობ, რომ ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელი კალაძესთან ერთად უნდა წავიდეს და გზა ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაუთმოს", - აღნიშნა ასანიძემ.
მისი თქმით, ნაკრების მთავრ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას იმ ფეხბურთელების გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილება, რომელთაც თავისი რესურსი უკვე ამოწურეს, აქამდეც უნდა მიეღო.
"ქეცბაიას უკეთ შეუძლია მუშაობა, მაგრამ ალბათ დრო სჭირდება რეალური ნაკრების ჩამოსაყალიბებლად. თუმცა მგონია, რომ მას ნაკრებში ახალი თაობის ჩანაცვლების გადაწყვეტილება ცოტა ადერე უნდა მიეღო", - მიაჩნია მმართველი პარტიის წევრს.