ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. ოფიციალური წარმომადგენელის მოადგილე მერაბ ჩიგოევი პრაქტიკულად ადასტურებს საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული მხარის მიერ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ოსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული გენადი ფლიევი სწორედ ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრი იყო.
"გენადი ფლიევი, ისევე როგორც ბევრი ახალგაზრდა ადამიანი სამხრეთ ოსეთში თავის სამშობლოს იცავდა. ის არ არის არც სამართალდამრღვევი, არც ტერორისტი და არც დამნაშავე", _ აცხადებს ჩიგოევი და დასძენს, რომ გენადი ფლიევი ის სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც სამშობლოს ემსახურება.
"ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია მის მიმართ რაღაც ტერმინების გამოყენება. ტერმინი სამართალდამრღვევიც კი ჩვენთვის მიუღებელია", _ აცხადებს ჩიგოევი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, გორის რაიონის სოფელ ნიქოზში დააკავეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული, ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრი, 1975 წელს დაბადებული გენადი ფლიევი.
მასალის გამოყენების პირობები