ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა, რომლებიც ცხინვალში საღამოს ჩავიდნენ "ქართველი სპეცსამსახურების მიერ გატაცებული გენადი ფლიევის გატაცების ადგილი დაათვალიერეს". კოკოითის ე.წ. ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევის განცხადებით ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთა ცხინვალში, შემთხვევის ადგილის დასათვალიებლად მიწვევა გამონაკლისი შემთხვევა იყო, ვინაიდან მათ უშუალოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მონიტორინგის ჩატარებას ოსი სეპარატისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
სეპარატისტები აღნიშნულ ინფორმაციაში ირწმუნებიან, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო" საზღვარი გარმოკვეთეს და სოფელ ნიქოზის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში 400-500 მეტრის მანძილზე შევიდნენ, საიდანაც ფლიევი გაიტაცეს.
ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების გარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები გატაცებული ფლიევის ნათესავებს ესაუბრნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყოფნისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს კოკოითის ე.წ. ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი ახლდა.
"დადგინდა, რომ გამტაცებლები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში 400-500 მეტრით იყვნენ შემოსულნი. სახელმწიფო საზღვართან ნაპოვნია ბრძლის კვალი და სისხლთან მიმსგავსებული წვეთები. ასევე ფეხსაცმლის კვალი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით მიდის, სოფელ ნიქოზის მხარეს.
მერაბ ჩიგოევი ასეევე აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილის მონახულების შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა პირობა დადეს, რომ ამ საქმის კიდევ უფრო დეტალურ შესწავლას განახორციელებდნენ.
"მათი თქმით, მათ შემოწმება უნდა ჩაატარონ ქართულ მხარესაც და გაესაუბრონ სოფელ ნიქოზში არსებული საგუშაგოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც იმ დღეს მორიგეობდნენ", _ აცხადებს ჩიგოევი და დასძენს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნული საქმის შესახებ დასკვნას ოსურ მხარეს რამდენიმე დღეში წარუდგენენ.
"იმედს ვიტოვებ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ობიექტურ დასკვნას დადებს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ გენადი ფლიევს საზღვარი არ გადაუკვეთავს და საქართველოს ტერიტორიაზე არ გადასულა. იმედი გვაქვს ფლიევი ოჯახს დაუბრუნდება", _ განაცხადა ჩიგოევმა.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, გორის რაიონის სოფელ ნიქოზში დააკავეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული, ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრი, 1975 წელს დაბადებული გენადი ფლიევი. ფლიევს უკვე მისჯილი აქვს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები