ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის შეფასებით, საქართველოში მმართველი ეკონომიკური გუნდი არაკომპეტენტურია.
როგორც პარლამენტისDდღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას ჩახვაძემ განაცხადა, მთავრობის არაკომპეტენტურობა ისაა, რომ პოლიტიკური შორსმხედველობა არა აქვს.
ჩახვაძე ეთანხმება მთავრობას იმაში, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, თუმცა ეს ზრდა მხოლოდ თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ მის სიკეთეს მთელი საზოგადოება უნდა იღებდეს და ამას უნდა მოსდევდეს უმუშევრობის შემცირება.
"ეს სიკეთე ყველაზე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს, რაც გარანტია ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის. ეკონომიკა იზრდება და სტასტისტიკურად უმუშევრობის ნიშნული არ იცვლება. მთავრობა აცხადებს, რომ ბიუჯეტის ხარჯები უნდა შემცირდეს და მეტი ფული უნდა დავუტოვოთ ეკონომიკას, მაგრამ როგორ ნაწილდება? 90% მსხვილ ბიზნესზე მოდის და მხოლოდ 10 % მცირეზე ბიზნესზე. დასაქმებულთა რაოდენობის 70% მსხვილ ბიზნესზე მოდის და მხოლოდ 30 % მცირე ბიზნესზე. მთავრობას გერის როლში არ უნდა ჰყავდეს მცირე ბიზნესი~, - განაცხადა ჩახვაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას ხშირად საყვედურობენ, რომ არა აქვს პოლიტიკური ხედვა, რადგან ხელისუფლებას განსხვავებულ რეფორმებს სთავაზობს. ჩახვაძის განმარტებით, ოპოზიციის რეფორმები ნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს საყოველთაო დაზღვევა, საპენსიო დაზღვევა დაგროვების პრინციპზე, უმუშევრობის დაზღვევა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობაში აგროდაზღვევის დამკვიდრება, კოოპერაციული სისტემის ხელშეწყობა, სუბსიდირება და ა.შ..