საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ეროსი კიწმარიშვილის ღობეზე ძრომიალი და მთელი აურზაური ის გარემოება იყო, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ფული ვერ მიიღო ან დღევანდელი პარტნიორებისგან და ან მომავალი მფლობელისაგან.
ჟურნალისტებთან საუბარში კუბლაშვილმა განაცხადა, რომ უკვე ერთი კვირაა საზოგადოება თვალს ადევნებს "მაესტროსთან" დაკავშირებულ აჟიოტაჟს, რისი ერთადერთი მიზეზიც, ფულია.
"რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმემ, რომ ეს მთელი ამბავი დაკავშირებულია პრესის, სიტყვისა და მედიის თავისუფლებასთან, რაც არ უნდა სხვა სიტყვები მოიგონონ ამ თემის ირგვლივ, მთავარი სიტყვა, რასაც ვერ მოიშორებენ, "ფულია" - განაცხდა კუბლაშვილმა.
"პირველივე განცხადებაში, ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულის ტომარაა, შემდეგ მაკა ასათიანმა თქვა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ფული მოიპარა, შემდეგ ეროსი გამოეხამურა და თქვა რომ ამ ფულის ნახევარი ირაკლი ოქრუაშვილის იყო, შემდეგ მამუკა ღლონტმა თქვა, რომ ეროსი კიწმარიშვილი "მაესტროში" მაშინ მიიყვანა, როცა ფული სჭირდებოდა და ა.შ" - განაცხადა კუბლაშვილმა და იქვე დაამატა, რომ სხვა მოტივები დაპირისპირებისას, საზოგადოებას არ მოუსმენია.
მისივე განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილი პირველად არ არის გახვეული ფულთან და მედიასთან დაკავშირებულ სკანდალში, თუმცა, მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს არის ის, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეთ.