კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმღვანელი გოგი ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ცხინვალის რეგიონში სისხლისღვრა მოხდეს.
"მე ვფიქრობ, რომ მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს დესტრუქციულად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება მოხდეს სისხლისღვრა, შეიძლება დააპატიმრონ ჯიოევას მომხრეები, შეიძლება წავიდეს რეპრესიები კოკოითის ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის და მომიტინგეების მიმართ. ამ ყველაფერში დადებითი რაც ხდება არის ის, რომ ხალხი ხმას იღებს, იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებაში რამდენიმე წელია არის, უფრო გაბედულად ლაპარაკობს და რუსეთის როლიც რეალურად დაინახეს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გოგი ხუციშვილმა.
მისი თქმით, მოსკოვი უნდა მიმხვდარიყო, სერიოზული პროცესები დაიწყო და ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მიეცა.
"გააუქმეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და მოსკოვი ამას დაეთანხმა. მოსკოვი უნდა მიმხვდარიყო, რომ აქ სერიოზული პროცესები დაიწყო. თუ აფხაზეთში აირჩიეს ის კანდიდატი, რომელიხ ხალხმა ჩათვალა საჭიროდ და მოსკოვმა ამის უფლება მისცა, ეს იყო როგორც ბაღაფშის დროს, ასევე ბოლო არჩევნებზეც, აქაც ასე უნდა მომხდარიყო", - აღნიშნა ხუციშვილმა.