ამიერიდან საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ მიზნით, კორეულ კომპანია WPPGE Co. Ltd.-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების განვითარება კორეის რესპუბლიკასა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან. ამ ხელმოწერას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში, რომელიც 13 - 15 ოქტომბერს გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები კორეის რესპუბლიკის სამთავრობო და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
"კორეის საქმიან წრეებში დიდია საქართველოს მიმართ ინტერესი. ჩვენ გვაქვს ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან და ლიბერალური საგადასახადო გარემო, გეოგრაფიულად ახლოს ვართ მსხვილ ბაზრებთან. კორეის საქმიან წრეებში საქართველოს ეკონომიკის ეს უპირატესობები კარგად დაინახეს. ახლა საჭიროა მათთან უფრო ინტენსიური კონტაქტი, საქართველოს პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ გაცნობა. ამაში ჩვენი კორეელი პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვფიქრობ, რომ მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, შედეგს მალე მოიტანს და საქართველოს ეკონომიკაში კორეული ინვესტიციის მოცულობა გაიზრდება", - განაცხადა ვერა ქობალიამ.