საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში "ქართული ოცნებები" აღარ ახდება. ეს განცხადება დარჩიაშვილმა "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ახალი ქალაქის, ლაზიკას აშენებაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა გააკრიტიკა.
დარჩიაშვილის თქმით, ბაღათურიას რეალური ინფორმაცია არ აინტერესებს და საზოგადოებისათვის იმის თქმას ცდილობს, თითქოს ქვეყანაში ბნელა და ცხოვრება "ოცნებების კორიანტელში" მიდის.
"ბაღათურიამ იკითხა, საით მიგვაფრენს ქვეყანას ეს მთავრობა? მთავრობა მიგვაფრენს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმებისაკენ. ევროკავშირიდან გაცხადდა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამას კი წინ სტრატეგიები, დიდი საკანონმდებლო მუშაობა, სურსათის უვნებლობაზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე და სხვა კანონების დახვეწა უძღოდა, რაც თქვენ არ გაინტერესებთ. ეს ათეულობით ათას ადამიანს ახალ პერსპექტივას უქმნის. მაგრამ თქვენ ასეთი ოცნება არ გაქვთ. თქვენი ოცნებები სუროგატულ ოცნებებს უკავშირდება, რასაც ~ქართულ ოცნებას~ უძახიან და რაც "გაზპრომის" ოცნების განმეორებაა. გინდათ, რომ ამ ოცნებაში გქონდეთ წილი", -- აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა და იქვე დაამატა, რომ ეს ოცნებები აღარ ახდება, ~რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ~.