ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ე. წ. გენპროკურატურამ გენადი ფლიევის "გატაცების" ფაქტზე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით საქმე აღძრა.
ე. წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, გენადი ფლიევი სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო" დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო. ე. წ. გენპროკურატურა ასევე იუწყება, რომ ფლიევი "საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სამსახურში მიდიოდა. ამ დილით სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ფლიევის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი დილის გამაჯანსაღებელ ვარჯიშს ასრულებდა.
"გენპროკურატურის მიერ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებისას ფლიევს თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს და ამჟამად იგი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ერ-ერთ საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება", _ იუწყება ოსური მხარე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრი, 35 წლის გენადი ფილიევი დააკავეს. ფლიევის დაკავების საკითხზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მიჯილი.