ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ აქვს.
"25 მარტამდე არჩევნებამდე ისევ კოკოითი დარჩება ხელისუფლებაში. არ მგონია, რომ ასე მშვიდობიანად დამთავრდეს სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროებს მიცემული აქვთ ბრძანება მზადყოფნის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ მობილიზებულია ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები, ხალხის აღშფოთებას საზღვარი არ აქვს. არ ვიცი დღევანდელი ღამე როგორ ჩაივლის", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ე. წ. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნები. არჩევნები გააუქმა არა იმ მოტივით, რომ ჩაიშალა, არამედ იმიტომ, რომ ჯიოევას მომხრეებმა არაკანონიერად იმოქმედეს.
"დამატებითი არჩევნები იქნება მარტში. ჩვენ ამას ვვარაუდობდით, ოღონდ ვფიქრობდით უარეს ვარიანტს, რომ კოკოითი საერთოდ ჩაშლიდა არჩევნებს, რათა საშუალება ჰქონოდა, შემდგომში დაენიშნა ახალი არჩევნები და თავისი კანდიდატი გაეყვანა, რადგან ახლა ვინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, იმათ აღარ ექნებოდათ ამის უფლება", - აღნიშნა ექსპერტმა.