მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2008 წელს ორი მასშტაბური საგარეო შოკი გადაიტანა (რამაც
შესაბამისად მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე), წლის ბოლო
მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო 2008 წელს რეკორდულად მაღალი უცხოური სავალუტო
რეზერვებით ასრულებს.
წინასწარი მონაცემებით, 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური საერთაშორისო
რეზერვების მოცულობა დაახლოებით 1460 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 7 პროცენტით
აღემატება 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ფორმირება ხდება ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვით,
რეზერვების მართვიდან მიღებული შემოსავლებით, მთავრობის სავალუტო შემოსავლებით და სხვა
წყაროებით. 2008 წლის პირველ ნახევარში რეზერვების ზრდაზე თუ ძირითადად კერძო სექტორის
მიერ მოზიდული სახსრები ახდენდა გავლენას, წლის მეორე ნახევარში საერთაშორისო რეზერვების
მატების მიზეზი სახელმწიფო სექტორის მიერ მოზიდული შეღავათიანი სესხები და გრანტები იყო.
საერთაშორისო რეზერვები გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო
ბაზარზე ოპერაციების განსახორციელებლად და საინვესტიციო პორტფელში ცვლილებების
დასარეგულირებლად. აგრეთვე, იგი გამოიყენება მთავრობის საგარეო ვალის მომსახურების და
საზღვარგარეთ სახელმწიფო შესყიდვების დაფინანსების მიზნით. საქართველოს ეროვნული ბანკის
საერთაშორისო რეზერვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის
ბანკებში დეპოზიტებზე და ლიკვიდურ ფასიან ქაღალდებშია განთავსებული. საერთაშორისო
სავალუტო რეზერვების არსებული დონე საქართველოს საფინანსო და სავალუტო ბაზრების
სტაბილური ფუნქციონირების გარანტიაა.
მასალის გამოყენების პირობები