მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებული, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ელენე გოგუაძის გადაწყვეტილებით, მას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ათვლის ვადა 20 ივნისია.
ნიკა მელია სხდომას არ დასწრებია. მან პოზიცია წინა პროცესზე დააფიქსირა, თქვა, რომ არ ნანობს მოსამართლისთის წყლის შესხმას. როგორც მან სასამართლო პროცესზე თქვა, ეს ქმედება ერთადერთი იყო, რას საკუთარი ღირსების დასაცავად შეეძლო განეხორციელებინა.
მელიას თქმით, ის აღშფოთდა იმ ფაქტით, რომ მოსამართლე საერთოდ არ დაინტერესდა მისი გატაცების ამბით, რომელსაც პოლიტიკოსი მოსამართლეს განსასჯელის სკამიდან უყვებოდა.
ნიკა მელია მსჯავრდებულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს.