სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ 2010 წელს სეპარატისტული აფხაზეთი დამოუკიდებლობის აღიარებას წყნარი ოკეანის აუზის რამდენიმე ქვეყნიდან ელის.
"მთელი რიგი სახელმწიფოები განიხილავენ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს. ნაურუს რესპუბლიკასთან უკვე დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. აღიარების საკითხში გვაქვს ასევე ლათინური ამერიკის სახელმწიფოების იმედი", _ განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ აფხაზეთი ამ მიმართულებით დიპლომატიურ მუშაობას ახლო აღმოსავლეთის მიმართულებითაც აგრძელებს.
"სხვა მეზობლებთანაც ვიმუშავებთ. ევროკავშირი უკვე დგამს ნაბიჯებს რომლებიც აფხაზეთის მიმართულებით თავისი სტრატეგიის ცვლილებას მოწმობს. ჩვენ ვნახეთ, რომ აფხაზეთში ჩატარებულმა არჩევნებმა ევროკავშირის მხრიდან აწონილი შეფასება მიიღო", _ აცხადებს შამბა და დასძენს: "ევროკავშირის თავმჯდომარე შვედეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო აფხაზეთში 12 დეკემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები".
"აფხაზეთში 2004 წელს ჩატარებული არჩევნები ევროკავშირმა არ აღიარა. ხოლო ახლანდელი ფორმულირება "მხედველობაში მიიღო", ფაქტობრივად, აღიარებას ნიშნავს", _ აცხადებს შამბა და დასძენს, რომ აფხაზეთი კონტაქტების განვითარებას თურქეთთანაც აქტიურად აპირებს.