თბილისი.24.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". ხვალ, 25 სექტემბერს, 14:00 საათზე, ბათუმში, ავეჯის მწარმოებელი კომპანია " Embawood "-ის ახალი მაღაზია გაიხსნება. (მისამართი: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. # 57). მაღაზიას გახსნის კომპანიის წარმომადგენელი და პარტნიორი - მეჰმედ შექერი. ღონისძიებას დაესწრებიან: " Embawood "-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - სალეხ მამმადოვი, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი - დავით ჭაბაშვილი, ბათუმის მერი - რობერტ ჩხაიძე და აჭარის მთავრობის თავჯდომარე - ლევან ვარშალომიძე.
" Embawood "-ის ახალ მაღაზიაში, რომელიც 500 კვ.მ ტერიტორიაზეა განთავსებული, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი წარმოების საოჯახო და რბილი ავეჯი, მათ შორის რამდენიმე ახალი მოდელი. აზერბაიჯანული კომპანია "Eმბაწოოდ"-ი 14 წელია, რაც ფუნქციონირებს. საქართველოს ბაზარზე ავეჯის რეალიზაციას 2003 წლიდან ახორციელბს. ავეჯის წარმოება 2006 წელს საქართველოშიც დაიწყო. მიმდინარე წელს კომპანიამ თბილისში პირველი მაღაზია გახსნა.
" Embawood "-ში წარმოებული ავეჯი ეკონომკლასისაა და მასობრივ მომხმარებელზეა გათვლილი, ფასი 500-დან 2000 ლარამდე მერყეობს. კომპანია აწარმოებს საოჯახო, რბილ და საოფისე ავეჯს. ასევე ავეჯის დასამზადებლად განკუთვნილ ნედლეულს. მათ შორის, მერქან-ბურბუშელოვან და მერქან-ბოჭკოვან ფილებს, ავეჯის სხვადასხვა აქსესუარს.
კომპანია " Embawood "-ი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გარდა, ყაზახეთში, თურქეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და რუსეთშიცაა წარმოდგენილი. თბილისში კომპანიას უკვე აქვს სამი მაღაზია. " Embawood "-ის მაღაზიები ფუნქციონირებს თელავსა და ქუთაისში. უახლოეს მომავალში კომპანია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქსელის გაფართოვებას გეგმავს.
"კრიზისის ფონზე კომპანიამ დამატებითი ინვესტიციები ჩადო და დაიწყო საბრენდო მაღაზიების გახსნა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამით კომპანიამ პირდაპირი ურთიერთობა დაამყარა მომხმარებელთან და შეძლო იმ სირთულეების გადალახვა, რაც კრიზისის ფონზე შეიქმნა. ამავდროულად, გაზარდა ექსპორტზე გატანილი საქონლის რაოდენობა, რომელიც ყაზახეთსა და თურქმენეთში გადის. ბევრი სირთულის მიუხედავად, წლის დასაწყისიდან, კომპანიამ 20%-ით გაზარდა თანამშრომელთა რაოდენობა. ამაჟამად, საქართველოში 440 ადამიანია დასაქმებული", - აცხადებს " Embawood "-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერი გია ვაშაკიძე