აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი განიხილავს პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის დიქტატორ კიმ ჩენ ინის პირისპირ მოლაპარაკებების შესაძლებლობას, რათა "ხელი შეეწყოს ყინულის ლღობას ურთიერთობაში და აღმოიფხვრას შეიარაღებული კონფლიქტის რისკი". იტყობინება სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, ჯერ არ არის აშკარა, რა შედეგები მოჰყვება ტრამპის დიპლომატიურ ძალისხმევას. ამავე დროს, უშვებენ შესაძლებლობას, რომ შესაძლოა ფხენიანთან "ყინულის ლღობის" ინიციატივამ უკანა პლანზე გადაიწიოს, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში უფრო მწვავე საგარეო პოლიტიკური პრობლემების გამო.
წინა საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ტრამპი სამჯერ შეხვდა კიმ ჩენ ინს: 2018 წლის ივნისს სინგაპურში, ასევე 2019 წლის თებერვალს ჰანოიში და იმავე წლის ივნისში ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონაში.
სინგაპურში შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ მას და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „ერთმანეთი შეუყვარდათ“.
თავის წინასაარჩევნო კამპანიისას, ტრამპმა არაერთხელ დადო პირობა, გაამჯობესებს ურთიერთობებს ჩრდილოეთ კორეასთან, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
უცნობია, თავად კიმ ჩენ ინი, რას ფიქრობს დონალდ ტრამპის ინიციატივაზე. გასულ პერიოდში, მან იგნორირება გაუკეთა ჯო ბაიდენის მცდელობებს, დაეწყო მოლაპარაკებები ფხენიანთან, წინაპირობების გარეშე.
გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მედიას ქვეყანაში ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ.