საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, "ვაი იმას, ვისაც ვარდების რევოლუცია დამთავრებული ჰგონია".
დღეს პარლამენტში გამოსვლისას მელიქიშვილმა განაცხადა, რომ 2003 წლის 23 ნოემბერს კი არ დასრულდა რევოლუცია, არამედ დაიწყო და გაგრძელდება მანამ, სანამ გაჭირვებული ადამიანი იარსებებს ქვეყანაში და სანამ ყველა რეფორმა ბოლომდე არ მივა.
მელიქიშვილის შეფასებით, ხელისუფლებას ესმის, რომ ბევრი გაჭირვებულია საქართველოში, რომ პენსია მიუხედავად იმისა, რომ 7 ლარი აღარ არის, მაინც არ არის საკმარისი.
"ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც შევძელით ამ რვა წლის განმავლობაში", - განაცხადა მელიქიშვილმა და აღნიშნა, რომ მეტი პროექტებია განსახორციელებული, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ახლა ბიუჯეტი არა 850 მილიონი ლარი, უკვე 7 მილიარდი ლარია.
"2003 წლიდან დღემდე მოყოლებული უამრავი რეფორმა ჩატარდა, კორუფციას მიჰქონდა მთელი ქვეყანა. გახვიდოდი გზაზე, ჩასაფრებული ავტოინსპექტორები იყვნენ. განათლების რეფორმაც არ გატარებულა? ისე ამბობთ რა გაკეთებულა და უკან-უკან წავიდა საქმეო, რომ გეგონება 900 ათას მოქალაქეს 2003 წლამდე სახელმწიფო და მთავრობა აფინანსებდა და ჩვენ გავაუქმეთ და არა პირიქით. ისე საუბრობთ, გეგონება ასაკით პენსიონერები დაზღვეულები იყვნენ და ჩვენ გავაუქმეთ", - განაცხადა მელიქიშვილმა.
ზურაბ მელიქიშვილმა ოპოზიციას საერთაშორისო კვლევებში საქართველოს რეიტინგების გაცნობა და იმის სხვაობის გარჩევა ურჩია, რაც 2003 წლამდე და მის შემდეგ იყო.