საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ევროპარლამენტის დღევანდელ სესიაზე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი არ განხილულა.
"ასეთი რამ საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ევროპარლამენტის დღევანდელ სესიაზე. თუ არ ვცდები, ასეთი წინადადება "სოციალ-დემოკრატებს" ჰქონდათ, თუმცა თავადვე გაიწვიეს უკან. ასეთი ჩანაწერი კენჭისყრაზე წარდგენილ ტექსტში საერთოდ არ ყოფილა", - განაცხადა კალანდაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ერთ-ერთი შესწორება, რომელიც ევროპარლამენტის ანგარიშის ტექსტში უნდა შესულიყო, ოპოზიციონერი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ეხებოდა.
"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ოპონენტებზე არაპროპორციული პოლიტიკური ზეწოლის მოხდენაზე უარი თქვას, თუმცა არ დავასახელებთ კონკრეტულ სახელს, რადგან ეს შესაძლოა, არასწორად იქნას გაგებული - თითქოს ჩვენ რომელიმე კონკრეტულ პირს ვუჭერდეთ მხარს", - განმარტა "სოციალ-დემოკრატების" წარმომადგენელმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას.
აღნიშნულის თაობაზე განცხადება დღეს თავად ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ევროპარლამენტში მისი მოქალაქეობის საკითხს განიხილავდნენ.