"ქართუ" ბანკის პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკს იდეაში აქვს როგორმე მიაღწიოს, რომ "ქართუ" ბანკში დროებითი ადმინისტრაცია შემოიყვანოს.
ეს განცხადება ჯავახიშვილმა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
ჯავახიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკი გამუდმებით აპელირებს, რომ "ქართუ" ბანკი მას ხელს უშლის, რომ "ერთ მშვენიერ დღეს ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს".
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს "ქართუ ბანკის" მესვეურები შემოწმების პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რასაც ჯავახიშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება.
"არც ერთ მოთხოვნაზე ჩვენ უარი არ გვითქვამს, გარდა იმისა, რომ გვეუბნებიან, ტექნოლოგია ჩამირთე ჩემს კომპიუტერშიო, ამას მეუბნება ეროვნული ბანკი. დილას მოითხოვეს ინფორმაცია ბატონ ბიძინა ივანიშვილის დახმარებების თაობაზე და საღამოს გაზეთში ხვდება. მეუბნებიან ტექნოლოგია ჩამირთეო, რასაც არნაირი კანონი არ მავალდებულებს და არანაირი კანონი არ ითვალისწინებს. მითუმეტეს, რომ გეუბნები, ყველაფერს გაჩვენებთ, აქ იწყება ტექნოლოგია, ნახეთ, თვალყური მიადევნეთ როგორ მუშავდება დოკუმენტები და რა პროდუქტი გამოდის" - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, შემოწმება არ ნიშნავს მიმდინარე საქმიანობის კონტროლს. "მოვიდნენ თუ არა იმ დღიდან თხოულობენ ნებისმიერი ოპერაციის წინასწარ შეთანხმებას. ეს არ არის შემოწმება" - განმარტა "ქართუს" პრეზიდენტმა.