მიუხედავად ბევრი პრობლემისა, რომელიც არსებობს ჩვენს საქმიანობაში, მართლა ვერ ვიხსენებ ფაქტს, რომ რომელიმე ადვოკატი სამხილის გარეშე მიეცათ პასუხისგებაში, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, თუ პირი დანაშაულს სჩადის, ადვოკატი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავისთავად ცხადია, რეაგირება უნდა მოხდეს.
რაც შეეხება ადვოკატ იველაშვილის საქმეს, რომლის შესახებაც განცხადება გააკეთა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, კახა ასლანიშვილი ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და, შესაბამისად, კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ჩემი თავჯდომარეობის პერიოდში გაწევრიანდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ევროპის ადვოკატთა ასოციაციების ორგანიზაციაში. თუ რომელიმე კონკრეტული ადვოკატის საქმეს აქვს ხარვეზები და არის უკანონობის მაგალითი, შესაბამისი მხრიდან ექნება რეაგირება, როდესაც ამაზე საუბრობს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის წევრი და ისინი ვალდებულნი არიან, მისი თავმჯდომარის განცხადებაზე რეაგირება მოახდინონ", - აცხადებს ასლანიშვილი და აღნიშნავს, რომ მისი ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში, როდესაც რომელიმე ადვოკატის საქმე შეუსწავლია, აღმოუჩენია, რომ მის ქმედებაში დანაშაულებრივი ქმედება ნამდვილად ყოფილა.
"როდესაც მე ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე, 300-მდე საჩივარი იყო შემოსული. რომ ვიხილავდი საქმეებს, უმეტეს შემთხვევაში, მართლა იყო დარღვევა ადვოკატების მხრიდან. მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, თუ რამდენად ადეკვატური იყო მათ მიმართ გამოყენებული სანქციები და რამდენად იყო სასჯელის ზომა სათანადო. ყველგან არსებობდა რაღაც სამხილი", - აცხადებს ასლანიშვილი და აღნიშნავს, რომ მას არ ახსენდება არც ერთი ფაქტი, რომ დანაშაულის არარსებობის პირობებში, რომელიმე ადვოკატის მიმართ საქმის გამოძიება დაეწყოთ.
"შეიძლება მომხდარიყო ისე, რომ პოლიტიკური აქტივობა ჰქონოდა რომელიმე ადვოკატს და მას ჩაედინა დანაშაული. ეს საზოგადოებისთვის იღებდა ისეთ ელფერს, რომ ვინაიდან პოლიტიკურ აქტივობას ავლენდა ადვოკატი, მასზე დევნა ხორციელდება. პოლიტიკური აქტივობის დაწყება ძალიან მარტივია. ამ შემთხვევაში ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ როდესაც განცხადება გავაკეთე პოლიტიკური, მას შემდეგ დაიწყო ჩემზე დევნა. როგორც წესი, ამ შესაძლებლობას ხელიდან არავინ უშვებდა. მე არ ვამტყუნებ ჩემს კოლეგებს, უბრალოდ, სიმართლე არის სიმართლე და ობიექტურობის შეგრძნება არასდროს უნდა დაკარგოს ადამიანმა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასლანიშვილმა.