პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, კონდოლისა რაისის მემუარებში, სადაც ის აგვისტოს ომის შესახებაც საუბრობს, ახალი არაფერი თქმულა.
„მემუარების ეს ნაწილი იზიარებს ტალიავინის კომისიის დასკვნას, უბრალოდ, ფორმულირებაა განსხვავებული. ასე რომ, მისი ეს განცხადებები სიახლეს არ შეიცავს არანაირს. ის რომ რაისი ოფიციალურად აფრთხილებდა სააკაშვილს, რომ რუსეთს არ ჩაყოლოდა პროვოკაციაში ეს მაშინაც ცნობილი და ტალიავინის კომისიის დასკვნაში აგრეთვე ფიგურირებს. სხვა უფრო დაფარულ პროცესებს, რაც მან უნდა იცოდეს ის არ ჰყვება. ამიტომ, პრაქტიკულად, მისი მოგონებების ეს ნაწილი დღეისთვის ახალს არაფერს არ იძლევა იმ სურათთან შედარებით რაც დასავლეთს შეექმნა აგვისტოს ომის თაობაზე", - განაცხადა საყვარელიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, რაისი, ტალიავინის დასკვნა და ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებაც თანახმაა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ტერიტორიაზე გადაადგილება ჯარების.
„ამაზე მგონი ქართული მხარეც თანახმაა, რადგან ისინი იძახიან, რომ მათ დაიცვეს საკუთარი მოქალაქეები", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.