საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში გადადის.
„ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები გადადის გადამწყვეტ ფაზაში. ფაქტობრივად ფინიშის ხაზზე ვართ. წლის ბოლომდე აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები გაღრმავებულ სავაჭრო რეჟიმზე. უახლოეს მომავალში, ჩვენი და ევროკომისიის გეგმებში არის, მოლაპარაკებების დაწყება სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე", - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძემ შეაფასა საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის კეტრინ ეშტონის ვიზიტი და განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ერთის მხრივ იქნება შედეგების შეჯამება, მეორე მხრივ ახალი ეტაპის დაწყება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში.