ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში "მუნიციპალიტეტების როლი რეგიონულ განვითარებაში - მიღწევები და გამოწვევები".
კონფერენცია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს რეგიონული პოლიტიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, სხვადასხვა საერთაშორისო, მათ შორის დონორი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
კონფერენციის მიზანი რეგიონებში თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ განხორცილებული პროექტების შედეგების შეჯამება, იქ არსებული პრობლემებზე მსჯელობა და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. ვერა ქობალიამ თავის გამოსვლაში რეგიონებში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისა და დასაქამებისათვის შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ მიმართულებით განსაკუთრებულია ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის სტრუქტურების როლი, მათ ყველაზე უკეთ იციან საკუთარ რეგიონში არსებული პრობლემები და შესაძლებლობების შესახებ.
"მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა რეგიონებმა და მუნიციპალიტეტებმა გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, ისწავლონ ერთმანეთის წარმატებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დონორმა პარტნიორებმა განაგრძონ მათი მხარდაჭერა სხვადასხვა პროექტების განხორცილებით" - აღნიშნა ვერა ქობალიამ.