ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ. ამ საკითხზე დღეს საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებმა" გაფართოებული სხდომა გამართეს, რომელსაც სხვადასხვა კოოპერატივის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოოპერატიულ ბინათმშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 000 ოჯახს აწუხებს. მათი ნახევარი თბილისშია.
ახვლედიანის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში ბინათმშენებლობის პრობლემა უკვე 25 წელია დგას.
"სახელმწიფოს ეს თანხები შიდა ვალად აქვს აღიარებული და სწორედ ამ დავალიანების დაფარვას ვითხოვთ. კერძოდ, ჩვენი ინიციატივაა, 2012 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს კონკრეტული თანხა და პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად დაიწყოს. გვესმის, რომ ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაჭრა შეუძლებელია და ბიუჯეტში მთელი თანხის გათვალისწინება შეუძლებელია. მაგრამ, სახელმწიფო ამ მიმართულებით საერთოდ არაფერს აკეთებს", - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
მისი თქმით, შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელმაც რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს, მაგრამ ის შეხვედრებსაც კი არ მართავს.
ახვლედიანის განმარტებით, დაზარალებულების სხვადასხვა კატეგორია არსებობს. ნაწილის სახლები უკვე აშენებულია, ნაწილის საძირკველიც არაა ჩაყრილი. ასევე არის კატეგორია, რომელთა სახლებში საკომუნიკაციო სისტემაც კი არაა გაყვანილი.