ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მინისტრები არაკომპეტენტურები არიან და ისინი საკუთარ სფეროებში ვერ ერკვევიან.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მინისტრების ხედვა განათლების, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რა გამოწვევაც საქართველოს მოსახლეობის წინაშე დგას.
"მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილია რამდენიმე გიგანტური ჰესის მშენებლობა, თუმცა, არ არის განსაზღვრული რა ტარიფით მიაწვდიან საქართველოს ელექტროსისტემას ენერგიას და საერთოდ აქვს თუ არა ვალდებულება ელექტროენერგიის მიწოდების. მაშინ, როდესაც ამ ჰესების მშენებლობამ შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს და მოსახლეობამ არც კი იცის რა სარგებელი ექნება. მთავარი მიზანი, რაზეც ენერგეტიკის სამინისტრო საუბრობს, არის თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი. ეს ელექტროენერგია დაბალი ტარიფით ზამთრის სეზონში უნდა მიეწოდოს საქართველოს ენერგოსისტემას, რაც გააიაფებს ელექტროენერგიას, გაზსს და საქართველოში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება შემცირდება. ეს იქნება დიდი სტიმული ქართული ეკონომიკისთვის, გაიზრდება ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება" - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მომავალ კვირას, "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება.