ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობამ თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო.
~ჯი-ეიჩ-ენთან~ საუბარში დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დეპუტატთა რიცხვის 190-მდე გაზრდის მორალური და სამართლებრივი ტვირთი საპარლამენტო უმცირესობას აჰკიდა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, პრეზიდენტმა კარდგად იცის, რომ 2003 წლის რეფერენდუმის შედეგები დაკავშირებული იყო კითხვასთან- თანახმა ხართ თუ არა, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იყოს არაუმეტეს 150 დეპუტატისა.
~რეფერენდუმის შედეგები მხოლოდ რეფერენდუმით უნდა გადაიხედოს. რეფერენდუმს კანონიერი ძალა აქვს. პრეზიდენტი ერიდება 1 მილიონზე მეტი ადამიანის ნების წინააღმდეგ წასვლას და პასუხისმგებლობის ერთპიროვნულ აღებას. პრეზიდენტს დამხმარედ მოევლინა მორჩილი საპარლამენტო უმცირესობა. მათ ისიც კი არ გააპროტესტეს, როდესაც პრეზიდენტმა 150-დან 190-მდე დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა იმით დაასაბუთა, რომ ამას ოპოზიცია ითხოვდა, ხოლო თავად წინააღმდეგი იყო. საერთოდ კი, სამართლებრივი ნონსენსია რეფერენდუმის შედეგების უგულებელყოფა~ , - მიაჩნია დიმიტრი ლორთქიფანიძეს.
შეგახსებებთ, რომ დღეს პარლამენტის 83-მა წევრმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ახალი კანონპროექის თანახმად, მომავალი პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრება 190 წევრით. მათ შორის პროპორციული სისტემით აირჩევა - 107, ხოლო მაჟორიტარული სისტემით- 83.