საქართველო-ნორვეგიის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფორუმი სასტუმროში „თბილისი-მარიოტი" დღეს, 10 ნოემბერს გაიხსნა.
ფორუმი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონას გარ სთორმა გახსნეს. ფორუმის ფარგლებში, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ გიორგი ყაველაშვილმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა. გარდა ამისა, მხარეებმა ენერგეტიკული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
შეხვედრას ნორვეგიის დელეგაციის გარდა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა" და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონას გარ სთორი საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით 9 ნოემბერს ეწვია. დელეგაციაში ნორვეგიის სამთავრობო სტრუქტურებისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები შედიან. დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ოთხშაბათს „ჟინვალჰესი" დაათვალიერა.
ამ ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციებს ნორვეგიული კომპანია „კლინ ენერჯი ინვესტი" ახორციელებს. კომპანია მდინარე აჭარისწყალზე 175 მგვტ დადგმული სიმძალავრის ჰიდროელექტროსადგურების კასკადს აშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.