ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "თავისი საკონსტიტუციო ცვლილებების მძევალი გახდა".
ამის შესახებ ცაგარეიშვილმა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, მისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არცთუ ისე საინტერესოა.
ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობაზე ფიქრი მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გადააფიქრებინა. ცაგარეიშვილის განცხადებით, მანამდე სააკაშვილს თავი პრემიერად წარმოედგინა, უმრავლესობას ახალი კონსტიტუცია მიაღებინა და პრემიერობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა.
"რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ვერასოდეს გახდება. ეს ადამიანი უკვე 8 წელია ძალადობს კანონზე და საზოგადოებაზე. იგი ოპონენტს მიიჩნევს მტრად, რუსეთის აგენტად. იგი შეეჩვია აბსოლუტურ ძალაუფლებას, მას არა აქვს უნარი, ნორმალური პოლიტიკური დიალოგი აწარმოოს პოლიტიკურ ოპონენტებთან", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.