საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ოპოზიცია 90-იან წლებშია ჩარჩენილი და რუსეთის აგენტები და შპიონები ელანდება.
პეტრე ცისკარიშვილმა დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილისა და კახა ბენდუქიძეს შორის განსხვავებაზე ისაუბრა. ეს მას შემდეგ მოხდა რაც "ქართული დასის" ლიდერმა კახა ბენდუქიძის პუტინთან და ლავროვთან შეხვედრების სურათები ააფრიალა.
ცისკარიშვილის განცხადებით, სწორედ ბენდუქიძის ძალისხმევის შედეგი იყო, რომ საქართველოს ორციფრიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
"ეს კაცი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ქვეყნის აღმავლობას და საგარეო ორიენტირი ჰქონდა ევროპაზე, ნატო-ზე, აშშ-ზე. არ უხსენებია, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
"ამ მსოფლმხედველობაზეა საუბარი და ეს ორი ადამიანი დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან - ბენდუქიძე და თქვენი ფავორიტი ივანიშვილი, კაცი, რომელიც ემსახურება ქართულ საქმეს და კაცი, რომელიც გამოაგზავეს მოსკოვიდან, რომ ამ ოცნებამ თუ იმედმა, რომელიც დიდი ფულის ტომრით იქნა გამოგზავნილი, როგორმე საქართველოში სიტუაცია შეცვალოს; ქართული ხედვები და საერთაშორისო პრიორიტეტები ჩრდილოეთისკენ შეაბრუნოს", - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.