"ძალიან არ მომეწონა ალექსანდრ ზელდოვიჩისა და ანდრეი ზვიაგინცევის ფილმები, რომლითაც გაიხსნა და დაიხურა თბილისში რუსული კინოსფესტივალი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ.
ფესტივალი 2 ნოემბერს ალექსანდრ ზელდოვიჩის ფილმმა "სამიზნემ" გახსნა და 6 ნოემბერს ანდრეი ზვიაგინცევის "ელენამ" დახურა.
"სამიზნე" არ მომეწონა, იმიტომ, რომ ძალიან გრძელი, პრეტენზიული, გაუთავებელი ფილმი იყო, ასევე ვერ მოვიხიბლე დახურვაზე წარდგენილი ფილმით. არ ვიცი ფესტივალის ორგანიზატორების შიდა სამზარეულო - როგორ დაგეგმეს, როგორ წარადგინეს, თუმცა იქ იყო უფრო კარგი ფილმები", - აღნიშნა შენგელაიამ.
ხუთდღიან ფესტივალზე სულ 22 ფილმი იყო წარდგენილი, მათ შორის, ნაჩვენები იქნა იმ ქართველი რეჟისორების ფილმები, რომლებიც მოსკოვში მოღვაწეობენ. ნიკოლოზ ხომერიკმა წარადგენა ნამუშევარი - "ბუმერანგი გულისა". ქართველმა მაყურებელმა ასევე ბაკურ ბაკურაძისა და დიმა მამულიას ფილმი "მოსკოვი" ნახა. აღსანიშნავია, რომ ბაკურ ბაკურაძის ფილმი "მონადირე" კანის კინოფესტივალზე იქნა წარდგენილი.
"სამწუხაროდ, ქართველი რეჟისორების ფილმები არ მინახავს, თუმცა ძალიან მომეწონა პაველ ლუნგინის ფილმი "კუნძული" და ვადიმ აბდრაშიტოვის "მოცეკვავის დრო". ეს ფესტივალი ზოგადად ძალიან კარგია, რომ ტარდება და წელს შინაარსიანი ღონიძიებაც გამოვიდა", - განაცხადა შენგელაიამ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფესტივალის ორგანიზატრომა, მზია ქუტივაძემ აღნიშნა, წელს 2000 წლის პერიოდის სახელმოხვეჭილი რეჟისორების ფილმების ჩვენება გახდა პრიორიტეტული.
"წინა წელს გვყავდა ფესტივალის პრეზიდენტი ელდარ რიაზანოვი, თუმცა წელს გადავწყვიტეთ, ახალგაზრდებს დავუთმოთ ეს ფესტივალი. მიუხედავად უამრავი სურთულისა, რაც დღეს ქვეყანაშია, ხელოვნება მაინც განყენებულია. კარგია, როცა კინომოყვარულებს შეუძლია ნახონ და გაეცნონ რუსულ ფილმებს. გვინდა, ეს ფესტივალი ტრადიციული გავხადოთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ქუტივაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი უკვე ორი წელია თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველში" იმართება.
სოფიკო ჭიაურელის სახელობის პრემია "კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის" ყოველწლიურად გადაეცემა რუს და ქართველ კინომოღვაწეებს. ამ პრემიის პირველი ლაურეატი 2010 წელს გიორგი დანელია გახდა. ამჯერად კი პრემია თენგიზ აბულაძის "მონანიების" მთავარი გმირების შემსრულებლებს - ავთანდილ მახარაძესა და მერაბ ნინიძეს გადაეცა.