საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირველი წელია, როდესაც უფრო ბევრმა ბიჭმა ჩააბარა კარგად უნივერსიტეტის გამოცდები, ვიდრე გოგოებმა.
"მინდა გოგოებს გითხრათ, რომ ქალები უფრო ჭკვიანებად მიმაჩნია, ვიდრე კაცები. მაგრამ რატომ ჩააბარეს წელს ბიჭებმა გამოცდა ასე კარგად - იმიტომ, რომ ესენი იყვნენ უფრო დაჩაგრულები. წინა წლებში ბიჭების კარგად სწავლა დიდ სისულელედ ითვლებოდა. ეს იყო სრულიად მიუღებელი დანარჩენებისთვის. ახლა ეს შეიცვალა. თქვენ ეს პრობლემა აღარ გაქვთ. ამიტომ მინდა გადმოგცეთ კომპიუტერები", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პრეზიდენტი 4 რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა. 120 საუკეთესო მოსწავლემ პრეზიდენტისგან პორტატული კომპიუტერი მიიღო საჩუქრად. ყვარელის, სიღნაღის, გურჯაანისა და თელავის წარჩინებული მოსწავლეები პრეზიდენტს სახლ-მუზეუმში შეხვნდნენ. სააკაშვილმა კომპიუტერი ყველა იმ მეათეკლასელს გადასცა, ვინც სკოლას წარჩინებით დაასრულა. "დარწმუნებული ვარ, ილია ჭავჭავაძეს, რომლის იუბილე მომავალ წელს სრულდება, გული გაუნათდებოდა, რომ ენახა განახლებულ სახლ-მუზეუმში ამდენი ნიჭიერი, განათლებული თანამემამულე", განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს კახეთზე, რადგან ძალიან ბევრი რამეა კახეთში გასაკეთებელი.