საქართველოს, როგორც არასდროს, ახლა სჭირდება შრომითი რესურსები ყველა ასაკის კატეგორიაში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ხალხი.
"მთავარი გამწევი ძალა უნდა იყოთ თქვენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველები აქტიურად იყვნენ სოციალურ მედიაში, რადგან იქ ცოდნაა. დღეს იდეოლოგიური ბრძოლა მიდის მედიაში. "ოდნაკლასნიკი" შეიქმნა იმისთვის, რომ გაეგოთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში რა კლიშეები მოძრაობდა, რა მოახდენდა გავლენას პოსტსაბჭოთა ადამიანებზე, მაქსიმალური ინფორმაცია მიეღოთ, თუ რა ხდებოდა ყველა რესპუბლიკაში. სხვათ აშორის საქართველოში ძალიან მოდაში იყო, თუმცა ახლა "ფეისბუქმა" დაჯაბნა, იმიტომ რომ მენტალიტეტით ჩვენ აღარ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა", - განაცხადა სააკაშვილმა და მოსწავლეებს მიმართა: "ძალიან მნიშვნელოვანია სისტემურები გახდეთ, იმიტომ რომ ქართველებს გვიყვარს შედეგი".
შეგახსენებთ, რომ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პრეზიდენტი 4 რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა. 120 საუკეთესო მოსწავლემ პრეზიდენტისგან პორტატული კომპიუტერი მიიღო საჩუქრად. ყვარელის, სიღნაღის, გურჯაანისა და თელავის წარჩინებული მოსწავლეები პრეზიდენტს სახლ-მუზეუმში შეხვნდნენ. სააკაშვილმა კომპიუტერი ყველა იმ მეათეკლასელს გადასცა, ვინც სკოლას წარჩინებით დაასრულა. "დარწმუნებული ვარ, ილია ჭავჭავაძეს, რომლის იუბილე მომავალ წელს სრულდება, გული გაუნათდებოდა, რომ ენახა განახლებულ სახლ-მუზეუმში ამდენი ნიჭიერი, განათლებული თანამემამულე", განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს კახეთზე, რადგან ძალიან ბევრი რამეა კახეთში გასაკეთებელი.