"ჩემთვის მთავარია, დროზე მივიდე შედეგამდე. სულ უნდა ვეჯიბრებოდეთ ერთმანეთს და მათ შორის მსოფლიოს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში, ილიას მუზეუმში, წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა განათლების მინისტრს სთხოვა, შემოიტანოს თემა "ჩემი ცხოვრების მიზნები და შედეგები".
"ყველა თქვენგანმა თქვენთვის უნდა დაწეროს - რისი მიღწევა გინდათ ცხოვრებაში. თქვენ ბევრი შეგიძლიათ, იმიტომ რომ დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები ხართ. უნდა იცოდეთ, რა გინდათ და ეს წინასწარ ჩამოწეროთ. ეს არის ჩემი მთავარი მოწოდება. ჩვენ ყველანაირად შეგაიარაღებთ ამისთვის, კომპიუტერებით, ინგლისურის ცოდნით, უცხოეთში სტაჟირებით", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეულობით მოსწავლე წინა წლებში უკვე გაიგზავნა საზღვარგარეთ და მომავალში მათი რაოდენობა ათასობით იქნება.
"ასევე, უცხოელების აქ ჩამოყვანით, ჩვენი საუკეთესო კადრების წინსვლით და მათი ხელშეწყობით. საქართველოში ადამიანი იმით კი არ ისაზღვრება, ვინ იყვნენ მშობლები. ბებიებით და ბაბუებით არავინ იამაყებს. მეც ასე ვიყავი ბავშობაში, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვინ ვარ და რისი მიღწევა მინდა ჩემს ცხოვრებაში, რამდენი ენა ვიცი, რამდენი ოლიმპიადა მოვიგე. სულ უნდა ვეჯიბრებოდეთ ერთმანეთს და მათ შორის მსოფლიოს", _ აცხადებს სააკაშვილი.