პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მოსახლეობამ დაიწყო ბრძოლა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობდეს. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ამის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ "ბანკ ქართუში" მოქალაქეებმა ივანიშვილის მხარდასაჭერად ანაბრების გახსნა დაიწყეს.
"მოსახლეობამ დაიწყო ბრძოლა იმისთვის, რომ ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობდეს. ხოლო თავად ივანიშვილს ჯერჯერობით ნაბიჯი არ გადაუდგამს. თვითონ ის, რომ ინიციატივა ბრძოლისა არის მოსახლეობიდან და არა ივანიშვილისგან, ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ პროცესში", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, თუ ხალხმა მსგავსი ოპერაციები გააგრძელა, რაც გამოიხატება ასევე სხვა ბანკიდან თანხის გამოტანაში და "ქართუ ბანკში" შეტანაში, ეს ბანკირების უკმაყოფილებას გამოიწვევს და ხელისუფლება მათი ზეწოლის ქვეშ მოექცევა.
"ხალხმა ივანიშვილისადმი მხარდაჭერის გამოხატვა დაიწყო. ისინი გარკვეულწილად რისკავენ კიდეც. მოსალოდნელია, რომ ეს ხალხი ივანიშვილს მხარს დაუჭერს არჩევნებში. ხაზს გავუსვამდი კიდევ ერთ მომენტს - გუშინ ერთ-ერთ ეთერში იყო საუბარი, რომ ერთმა ქალმა ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანა მნიშვნელოვანი თანხა და გადაიტანა "ქართუ ბანკში". თუ ეს ოპერაციები გაგრძელდება, მაშინ სავარაუდოა, რომ ხელისუფლება არა მარტო მოქალაქეების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, არამედ ბანკირების ზეწოლის ქვეშაც. უკვე ბანკირების ინტერესებში შევა, რომ ეს საკითხი მოიხსნას. რამდენადაც ბანკირების ინტერესებს შეეხება საზოგადოების ეს ინიციატივა, იმდენად გაფართოვდება ხელისუფლებაზე ზეწოლის ველი", - განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ბანკ ქართუში" ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად მოქალაქეებმა ანაბრების გახსნა დაიწყეს. მათი განცხადებით, ეს არის სოლიდარობა ივანიშვილისადმი, რომელსაც ხელისუფლება უსამართლოს ექცევა. აქციას საფუძველი დავით მაღრაძემ ჩაუყარა.