პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ქართულმა მხარემ ოპტიმალურ შედეგს მიაღწია. საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ქართული მხარის მოქმედება ამ მოლაპარაკებებში რეალისტურად შეაფასა.
"ქართული მხარეს მოქმედებას ვაფასებ როგორც რეალისტურს, რადგან როგორც ეკონომიკური ექსპერტები მიუთითებენ, ამ პროცესში ქართული მხარისთვის პოლიტიკური დივიდენდების მიღება ძნელი იქნებოდა. თუ ძალიან გაართულებდა ქართული მხარე ამ პროცესს შეიძლებოდა სასურველი პარტნიორების უკმაყოფილება გამოგვეწვია ისეთი, რომ გაგვფუჭებოდა ურთიერთობა. ასე რომ, ამ შემთხვევაში შედეგი შეიძლება ითქვას ოპტიმალურია. აფხაზეთის და ოსეთის ტერიტორიებს ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ნამდვილად ვერ დავიბრუნებდით", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, მიღწეული ხელშეკრულებით საქართველოს უფლებები აღიარებული იქნა იმ საზღვრებში რაზედაც არის ლაპარაკი.
"მიმაჩნია რომ ეს უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოგებაა ამ ფარგლების მოლაპარაკებებისთვის", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებმა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროექტთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმება სავაჭრო ტვირთებისს ადმინისტრირების საკითხს გულისხმობს. ქართული მხარის პოზიცია წარმოადგენდა შვეიცარიული მხარის წინადადების დათანხმებას რომელიც როკსა და ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს.