როიალი, რომელზედაც ფელიქს მიზანდარი ზაქარია და ივანე ფალიაშვილებს დაკვრას ასწავლიდა, კონსერვატორიის მუზეუმს გადაეცა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფელიქს მიზანდარის მემკვიდრემ, ლევან მიზანდარმა განუცხადა, მას ინსტრუმენტი მემვკიდრეობით გადაეცა და 27 წელიწადს მის სახლში ინახებოდა.
"ეს ინტრუმენტი ჩემს ოჯახს ეკუთვნოდა და მემკვიდრეობით გადმომეცა. გადავწყვიტე, 1880 წლით დათარიღებული როიალი მუზეუმში იყოს განთავსებული. როიალი, რომელზედაც ფელიქსი უსასყიდლოდ ამეცადინებდა ზაქარია და ივანე ფალიაშვილებს, ისტორიას ეკუთვნის. ის, როგორც ძველი ინსტრუმენტი, რესტავრაციას საჭიროებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მიზანდარმა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც პირველ ქართველი პროფესიონალი კომპოზიტორის, პიანისტის, ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლის, პირველი სამუსიკო სკოლისა და სასწავლებლის ერთ-ერთი დამაარსებლის (რომლის ბაზაზედაც აღმოცენდა თბილისის სახ. კონსერვატორია) ალოიზ მიზანდარისა და მიზანდარების საგვარეულოს სხვა ცნობილი წამომადგენლების მოღვაწეობას მიეძღვნა. წიგნში თავმოყრილია არქივებსა და მუზეუმებში დაცული ფოტოდოკუმენტები, ქართველ ხელოვანთა და მუსიკათმცოდნეთა მოგონებები და შრომები, ХIX-XX ს.ს. საგაზეთო სტატიები.
აღსანიშნავია, რომ ფალიაშვილების მუსიკის პირველი მასწავლებლის - ფელიქს მიზანდარის და სახალხო გვარდიის სასულე ორკესტრის დამაარსებლის, ევგენი მიქელაძის მასწავლებლის - ვალერიან ფელიქსის ძე მიზანდარის არქივებზე მუშაობა ლევან მიზანდარმა 2006 წელს დაიწყო.
"რამდენიმე წელია, აქტიურად ვმუშაობ. დავდიოდი სხვადასხვა მუზეუმში. არქივებს ვათვალიერებდი. წყაროები შევისწავლე, ისტორიულ დეტალებში აცდენილი შეცდომები გადავამოწმე და გავწმინდე. ამაზე მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ "მიზანდარი" ყველას გამოგონილი გვარი ეგონა. მის ხსენებაზე "მიმინო" ახსენდებათ. მინდოდა ამ წიგნით საზოგადოების შეხედულება შემეცვალა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" მიზანდარმა.